close

Вход

Забыли?

вход по аккаунту

?

თავი II

код для вставки
///
თავი II: ბლეიქი
— საშინელი ადგილია, არა?
— მე მომწონს.
— მეგონა კლუბები არ გიყვარდა.
— კლუბების სიძულვილი ხელს არ მიშლის იმაში, რომ შენობის ექსტერიერმა მომხიბლოს. მე თუ
მკითხავ, დანარჩენი შენობები ამ მიდამოში, საშინლად გამოიყურებიან, უსინდისობაა პლანეტის
ასეთი ნაგებობებით დასახიჩრება...
ელენმა კლუბი შეათვალიერა და მხრები აიჩეჩა. აშკარა იყო, რომ მას და ლიზას სიტყვა
„საშინელი“ სხვადასხვავარად ესმოდათ.
შენობის კარზე აბრა მიეკრათ:
კლუბი „გალია“
მუშაობს ყოველდღე 18:00დან 00:00მდე.
თვრამეტ წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა იკითხეთ ბლეიქი.
შესვლის ღირებულება...
ხმამაღლა კითხვას შეუდგა ელენი.
— შენ ეი, გაიაზრე რაც წაიკითხე? — მოისმა ხმა.
გოგონა მოულოდნელობისგან შეკრთა. შავ სამოსში გამოწყობილი ზორბა მცველი ქამელეონივით
შერწყმოდა კედელს. ელენი გააოცა ფაქტმა, რომ ასეთი მოცულობის ქმნილებას შეეძლო
შეუმჩნეველი ყოფილიყო. — თვრამეტ წლამდე ასაკის პირები აქ არ უნდა დაცუნცულებდნენ. —
აბრაზე მიუთითა მცველმა.
— თვრამეტი წლის ვარ! — შეუბღვირა ელენმა.
— ჰო, რა თქმა უნდა. მე კიდევ მიკი მაუსი ვარ.
— უბრალოდ კარგად ვარ შემონახული... თუ არ გჯერა, პირადობის მოწმობას გაჩვენებ, —
დაამატა ელენმა და ჯიბეები მოიჩხრიკა, — უი, ეტყობა სახლში დამრჩა... იმედია, ჯიბიდან არ
ამომვარდნია...
— აქედან მოუსვი, სანამ მოთმინება არ დამიკარგავს!
— რამდენი გინდა? — ელენმა ქაღალდის ფული დაანახა.
— ჩემს მოქრთამვას ცდილობ? იცი, რას მიზავს ბატონი დარკი, კლუბში ძუძუმწოვარა ბავშვი რომ
დაინახოს?
— იცი რა? თუ არ გინდა მამაჩემს ვუთხრა, რომ ერთ მიყრუებულ, ძლივსმისაგნებ ადგილზე
საეჭვო კლუბს მოვკარი თვალი, გირჩევნია, შემიშვა. მამაჩემი პოლიციაში მუშაობს, ასე რომ...
— რა ხმაურია? — იკითხა რბილმა, მელოდიურმა ხმამ. საუბარში გართულებმა ვერც კი შენიშნეს,
როგორ მიუახლოვდათ საშუალო სიმაღლის, გამხდარი ახალგაზრდა კაცი.
— ამ ბავშვს კლუბში შესვლა უნდა, ბატონო დარკ!
— მგონი გარკვევით ვთქვი, რომ არ მსურს, ჩემი კლუბი საბავშვო ბაღს დაემსგავსოს, — წარბი
შეიკრა დარკმა და პერიდოტისფერი თვალები ელენს მიაპყრო. მხრებზე ჩამოშლილი, სწორი შავი
თმა მის არანორმალურად ფერმკრთალ კანთან ისეთ კონტრასტს ქმნიდა, როგორც შუაღამე —
ახლად დადებულ თოვლთან. ელენმა მამაკაცის წვრილი, აზიდული წარბები და უნაკლო, ოდნავ
აპრეხილი თხელი ცხვირი დაკვირვებით შეათვალიერა, რათა გაერკვია, ეს ბუნების საჩუქარი
იყო, თუ ბატონი დარკი სუსტი სქესის წარმომადენელთა უმრავლესობაზე მეტად ზრუნავდა
საკუთარ გარეგნობაზე (ყოველ შემთხვევაში, ელენზე მეტად მაინც).
— რა ხდება ამ კლუბში?
— აქ ორთაბრძოლები იმართება... რატომ უნდა ცდილობდე შენობაში შეღწევას, როდესაც
წარმოდგენა არ გაქვს, რა ხდება შიგნით? — ჩაფიქრებულმა დარკმა ჯერ გოგონას აბურდულ თმას
შეავლო თვალი, რომელშიც ფოთლები და წვრილი ტოტები ჩახლართულიყო, შემდეგ კი
დაფლეთილ, ბირკავებით დახუნძლულ ტანისამოსს და შარვალს, რომლის ტოტებიც
მუხლებსქვემოთ წყლით გაჟღენთილიყო, — როგორც ჩანს, განსაცდელს არ ერიდები, — დაასკვნა
ბოლოს.
— განსაცდელს ვერ მოერიდები, ის ყველგან არის, — ჩაიბუტბუტა ლიზამ.
— მმმ... ერთად ხართ? — დარკმა ახლაღა შენიშნა ელენის უკან მდგომი ლიზა.
— დიახ, — მიუგო ელენმა.
— ამ შემთხვევაში, ცხადია გამონაკლისს დავუშვებ, — დარკი კართან მივიდა და ფართოდ
გამოაღო.
— არ ვიცოდი, რომ ბავშვებისთვის შესვლა ნებადართული იყო უფროსის თანხლების
შემთხვევაში. — კეფა მოიქექა მცველმა.
— რას ბოდავ?! — შეიცხადა დარკმა, — უფროსსაც გააჩნია... მართალია იდიოტი ხარ, მაგრამ
ამდენი უნდა გესმოდეს!!!
ელენმა ჯიბეები მოიჩხრიკა.
— რას აკეთებ? — წარბი ასწია დარკმა.
— მომეჩვენა, რომ ჩემს შეშვებას აპირებდი. შესვლა ფასიანია, ხომ ასეა? — ჩაიბუტბუტა ელენმა.
— არ მოგჩვენებია... თქვენთვის არა.
— მისმინე, შესაძლოა არ გვეტყობა, მაგრამ ნამდვილად არ გვჭირდება შენი მოწყალება.
უბრალოდ მოკლე გზით მოვდიოდით და ტოტებს გამოვედეთ, სულ ეს არის! — შეუტია ლიზამ.
— ეჰ... — თვალები გაუფართოვდა მოულოდნელი თავდასხმისგან დაბნეულ დარკს, — ალბათ
სულ დაიკაწრეთ... ჭრილობებს დამუშავება სჭირდება, აქვე ახლოს აფთიაქია, საჭირო რაღაცეებს
ვიყი...
— არაფერი არ გვჭირდება!
— გჭირდებათ! თავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. რამეს რომ ეკბინა? მეეჭვება, ვინმეს
ან რამეს ასეთი რამის ჩადენა შეეძლოს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. დარწმუნებული
ხართ, რომ კარგად ხართ? იქნებ...
— ჭკუას ნუ გვასწავლი!
— ნუ ღელავ, არ დავშავებულვართ, — გაიკრიჭა ელენი, — შიგნით არ შევიდეთ?
— ჰო, რა თქმა უნდა, — დარკმა ლიზასკენ გააპარა თვალი, თუმცა ის უძრავად იდგა ადგილზე, —
მმ... მომყევით, — გაუბედავად თქვა და ნელი ნაბიჯებით შევიდა შენობაში. დარწმუნდა, რომ
ლიზა და ელენი მიჰყვებოდნენ და სვლა განაგრძო, — აქ ფსონებს დებენ, — დარკმა მარჯვნივ
მიანიშნა, — გვერდით ბარია, როგორც ხედავთ, მარცხნივ ტუალეტია, ამ კიბეს მეორე
სართულზე, გაცილებით მყუდრო და კომფორტულ ადგილას ავყავართ, საიდანაც „გალია“
ხელისგულივით მოჩანს, — დარკმა დიდი ზომის, გალიისებრი ნაგებობა დაანახათ, რომელიც
სავარაუდოდ ორთაბრძოლების გასამართ ადგილს წარმოადგენდა. გალიასთან ახლოს, მის
მარცხენა და მარჯვენა მხარეს მაყურებელთათვის გამოეყოთ ადგილები.
— მებრძოლები სად არიან? — დაინტერესდა ელენი.
— გალიის უკან კარს ხედავ? ეგ მოსამზადებელი ოთახია.
— გასაგებია. ბართან არ უნდა მივსულიყავით?
— მანდ რა გვინდა? მეორე სართულზე ავალთ და მიმტანი მოგვართმევს რასაც ვისურვებთ.
ხვეულ კიბეს მიუახლოვდნენ და საფეხურებს აუყვნენ.
ლიზამ აღტაცებით შეათვალიერა ორი ვერცხისფერი, ფოლადის დრაკონი, რომლებიც
მოაჯირების მოვალეობას ასრულებდნენ. დრაკონთა კუდები მთელ სიგრძეზე გასდევდნენ
მეორე სართულს, ეს შესანიშნავი მოაჯირები კიბის ქვედა საფეხურებთან, ხახადაღებული
დრაკონის თავებით ბოლოვდებოდა. დრაკონების დახვეწილი, გლუვი ქერცლი სასიამოვნოდ
ეხებოდათ ხელისგულებსა და თითებზე.
მეორე სართულიდან მართლაც ხელისგულივით იშლებოდა პირველი სართულის ხედი.
პატარა, მოჩუქურთმებულ, დაგრეხილფეხებიან მაგიდას მიუახლოვდნენ, რომლის გარშემოც
სამი სავარძელი იდგა.
— მხოლოდ თქვენს შემდეგ... — დარკმა მდაბლად დაუკრათ თავი და სავარძლებზე მიანიშნა.
ლიზა მაგიდის ბოლოს, მარჯვენა სავარძელში ჩაეშვა. დარკმა ნელა გადადგა ნაბიჯი შუა
სავარძლისკენ და ლიზას შეხედა, რათა ამოეცნო, წინააღმდეგი ხომ არ იქნებოდა, მასთან ახლოს
რომ დამჯდარიყო, თუმცა სანამ ამას დაადგენდა, ელენმა დაასწრო და შუა სავარძელში
მოთავსდა — ეს სავარძელი მოაჯირის მოპირდაპირე მხარეს იდგა და გოგონას ვარაუდით
აქედან პირველი სართული ყველაზე უკეთ გამოჩნდებოდა. დარკმა ელენს შეუბღვირა და
მარცხენა სავარძელს მიაშურა. ლიზა გალიას დააშტერდა. მართალია, დარკის გვერდით
დაჯდომა თავიდან აიცილა, მაგრამ ახლა მის პირდაპირ აღმოჩნდა, უკვე არც კი იცოდა, რა
უფრო უარესი იყო.
— რას შეუკვეთავთ? — დარკი სავარძელში გადაწვა, ნატიფი, ფერმკრთალი ხელები
სახელურებზე დააწყო და გრძელი, თლილი თითები ნერვიულად აათამაშა.
— ლუდს. — მიუგეს ერთხმად.
— რამე სასარგებლო სასმელი უნდა დალიოთ, მაგალითად ფორთოხლის წვენი —
იმუნიტეტისთვის ძალიან სასარგებლოა.
— სამაგიეროდ, ლუდი ძვლებს ამაგრებს, — შეეკამათა ელენი, — ყოველ შემთხვევაში, მამა ასე
ამბობს ხოლმე, როდესაც დედა უყვირის.
— კარგი, დამარწმუნე... რომელ ლუდს მიირთმევთ?
— რომელიც ძალიან ძვირი არ ღირს, — ჩაფიქრდა ლიზა.
— რატომ? როგორც წესი, კარგი რაღაცეები ძვირად ფასობს, ასე არ არის?
— ბევრი ფული არ წამომიღია.
— ეჰ? ეგ რა შუაშია?
— სასმელიც უფასოა ჩვენთვის? — იმედით ჩაეკითხა ელენი.
— რა თქმა უნდა!
— ქველმოქმედების ხასიათზე ხარ? — გესლიანად ჩაიცინა ლიზამ.
— ქველმოქმედების? — უაზროდ გაიმეორა დაბნეულმა დარკმა.
— იმიტომ გეკითხება, რომ არაფერში არ ვიხდით ფულს, — განუმარტა ელენმა, როდესაც
მამაკაცის დაბნეული გამომეტყველება შენიშნა.
— ოჰ! ასეა? ქველმოქმედება შეუფერებელი სიტყვაა. მოხარული ვარ, რომ შემიძლია
გემსახუროთ.
ამჯერად „გალიის“ სტუმრებს აღებეჭდათ სახეებზე დაბნეულობა. ლიზამ სკეპტიკურად ასწია
წარბი.
— ეს კაცი მაშინებს, მგონი ცოტა ვერ არის... ამჩნევ? — წასჩურჩულა ელენმა ლიზას, — ნეტავ
ვიღაცეებში ხომ არ ვეშლებით?
ლიზამ მხრები აიჩეჩა.
— კიდევ რას შეუკვეთავთ?
— რაიმეს მიყოლება ურიგო მართლაც არ იქნებოდა, მაგრამ აქ მხოლოდ სასმელები იყიდება,
ხომ ასეა? — იკითხა ელენმა.
— ასეა, ამიტომ სამწუხაროდ შეკვეთა ოდნავ დაიგვიანებს... მითხარით, რომელი ლუდი გსურთ
და კიდევ რას შეუკვეთავთ.
— სულერთია, — თქვა ელენმა.
დარკმა მოლოდინით შეხედა ლიზას.
— ჩემთვისაც... სულერთია.
— ერთი ეს მითხარი, მისაყოლებელიც უფასო იქნება? — დაინტერესდა ელენი.
— თავისთავად. რას შეუკვეთავთ?
ლიზამ თვალები გადაატრიალა.
— მმმ, — ჩაფიქრდა ელენი.
— ჩიპსებს, — ჩაილაპარაკა ლიზამ.
— ეგ ხომ ნამდვილი საწამლავია! — შეიცხადა დარკმა.
— მომისმინე, ისე ნუ გვექცევი, თითქოს ფეხაუდგმელი ბავშვები ვიყოთ, შენი დედობრივი
ინსტინქტები ვინმე სხვას მოახვიე თავს.
— ასე ნუ ეუხეშები, თორემ კლუბიდან გაგვიძახებს. რა ჯანდაბა გჭირს?! — გადაუჩურჩულა
ელენმა ლიზას. დარკმა ინტერესით შეხედა მოჩურჩულეებს.
— პიცაზე რა აზრის ხარ, დედ... უმმ... დარკ?
— მაგას არაუშავს... კიდევ ისურვებთ რამეს?
ლიზამ თავი გააქნია. ელენმა მსუნაგი გამომეტყველებით გააღო პირი რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ
ლიზამ ფეხზე დააბიჯა.
— ვაი!
— ამ იდიოტის სიკეთით ბოროტად ნუ სარგებლობ! — ყურთან წაუსისინა ლიზამ.
— კონკრეტულად რა სახის პიც... — წამოიწყო დარკმა.
— სულერთია.
დარკმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო. პირველ სართულზე ზარი გაისმა.
— მიმტანს უთხარი, რომ საუკეთესო ლუდი და პიცა ამოიტანოს... ვიცი, რომ პიცა არ გვაქვს, არ
მაინტერესებს... არა, შეკვეთაზე არც იფიქროთ, ვინ იცის, მოტანას რამდენ ხანს მოანდომებენ,
სჯობს მიმტანი გაგზავნო. შეუკვეთავ და ეტყვი რომ თუ არ დაუჩქარებენ პრობლემები
შეექმნებათ? ეს სავარაუდოდ შედეგს არ გამოიღებს, არა მგონია ვინმე ეუბნებოდეთ, ნუ
იჩქარებთ, ხვალამდე მოვიცდიო... უბრალოდ უთხარი მიმტანს, რომ თუ სამსახურის
შენარჩუნება უნდა, დაუჩქაროს. დროზე, თორემ არც შენი შემცვლელის პოვნა გამიჭირდება! —
დარკმა ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა, — უვარგისი ბარმენი, — დარკმა ელენის გაოცებული
მზერა შეამჩნია და შეეკითხა, — რა იყო?
— უბრალოდ... როგორ ვთქვა... — ელენმა არ იცოდა, როგორ გადმოეცა სიტყვებით თუ რა
იგრძნო, როდესაც უეცრად მათი კეთილი ფერია დაუნდობელ დემონად გადაიქცა. — ხშირად
იჩენ ასეთ სიმკაცრეს?
— ხანდახან მეტსაც.
— ამ კლუბში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია, ხომ ასეა?
— კლუბის დამაარსებელი და მეპატრონე ვარ. თითოეული დეტალი ჩემი შეკვეთითაა
დამზადებული. შენობა... ავეჯი... ყველაფერი.
„კარგია, რომ კლუბის დიზაინსაც ისე სერიოზულად ეკიდები, როგორც თმის მოვლას.“
გაიფიქრა ელენმა.
— რამდენი ხანია, რაც ეს კლუბი არსებობს?
— დაახლოებით ორი თვე იქნება გასული მისი გახსნის შემდეგ. ჰო, მართლა: მე ბლეიქ დარკი
ვარ. როგორ მოგმართოთ?
— მე ელენი ვარ, ეს კი — ლიზა. მომგებიანი საქმეა? — ელენმა გალიაზე მიანიშნა.
— მეტნაკლებად. მართალია, არც ხარჯები მაკლია — სხვაგვარად როგორ?! მაგრამ, საერთო
ჯამში საქმე ჩინებულად მიდის.
ლიზამ მომენტით ისარგებლა და სანამ ელენი და ბლეიქი გალიას უმზერდნენ, ხარბი მზერა
გააპარა დარკისკენ, თუმცა ათიოდე წამში, როდესაც დარკმა მისკენ გაიხედა, ეს საქციელი
საშინლად ინანა და ჭარხალივით გაწითლებული სასწრაფოდ საკუთარ ხელებს დააშტერდა.
რამდენიმე წამი დასჭირდა, სანამ გაიფიქრებდა, რომ ამ საქციელით თავი გასცა და უფრო მეტად
გაწითლდებოდა.
— ეს სანახაობა დისკომფორტს ხომ არ შეგიქმნით? — იკითხა ბლეიქმა, როდესაც გალიაში ცხრა
ადამიანმა — რვა ახმახმა და ერთმა შუახნის, ჩია მამაკაცმა მოიყარა თავი, — თუ გინდათ
ბრძოლას ღია ცის ქვეშ გადავიტან.
— დისკომფორტს? პირიქით, შეკვეთის მოტანამდე რაღაცით მაინც შევიქცევთ თავს, — თავი
გააქნია ელენმა.
— ფსონების მიღება დაწყებულია, — გაისმა ხმა როდესაც ჩია მამაკაცმა მებროლები
მაყურებლებს წარუდგინა. მაყურებლები წამოიშალნენ და ფსონების დასადებად გაემართნენ. —
ფსონების მიღება დასრულებულია, მიღებულია 1260 ლარი, — განაცხადა იგივე ხმამ, როცა
ექვსმა მებრძოლმა გალია დატოვა და მაყურებელთათვის განკუთვნილი ადგილებისკენ გასწია.
მაყურებლები სკამებს დაუბრუნდნენ თუ არა, ჩია მამაკაცმა გალიის კარები დაკეტა. ბრძოლა
დაიწყო.
— ეს თანხა ვის ერგება? — დაინტერესდა უსაზღვროდ ცნობისმოყვარე ელენი.
— თანაბრად განაწილდება ჩემსა და იმ მაყურებლებს შორის, რომლებმაც იმ მებრძოლზე დადეს
ფსონები, რომელიც დღევანდელი ფინალური ორთაბრძოლის გამარჯვებული გახდება.
მაგალითად, თუ მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიცნო, ვინ მოიგებს ფინალურ ორთაბრძოლას,
მასაც და მეც 630 ლარი გვერგება, თუ ორმა — მაშინ სამივე ოთხასოცს მივიღებთ.
— ამით ბევრ შემოსავალს ვერ მიიღებ. ალბათ, სულ ცოტა 10 ადამიანი მაინც გამოიცნობს, —
მხრები აიჩეჩა ელენმა.
— დიდი თავის ტკივილია... ბევრი უკმაყოფილოა ჩემი წესებით. მახსოვს, ერთხელ მხოლოდ
ერთმა კაცმა დადო ფსონი... როდესაც გაიგო, რომ მის გარდა არავინ აპირებდა ფსონის დადებას
და მხოლოდ მის მიერ დადებული თანხა თამაშდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოგების
შემთხვევაშიც კი წაგებული რჩებოდა, რადგან ჩემთან მოუწევდა თანხის გაყოფა, კინაღამ
კრუნჩხვები დაემართა. ხშირად ჩივიან: „ეს რა საქმეა, იმდენიც კი ვერ მოვიგე, რამდენიც დავდე,
მოგება ჰქვია ამას ახლა?!“ „თანხა რომელიც მოვიგე ოდნავ თუ აღემატება ჩემ მიერ დადებულ
თანხას, თუმცა ჩემს მეგობარზე მეტად მაინც გამიმართლა — მან იმდენივე მოიგო, რამდენიც
დადო“
— ქაოსია... და ფინალური ორთაბრძოლის გამარჯვებული რას იღებს ჯილდოდ?
ლიზა მოიღუშა. უცხო ადგილას, უცნობი ხალხის გარემოცვაში იჯდა და წარმოდგენა არ ჰქონდა
რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო. ალბათ წესით ბრძოლისთვის უნდა ეყურებინა, თუმცა
ზედმეტად არაესთეტიურად მოეჩვენა ერთმანეთში არეული, ზომაზე სქელი, ოფლიანი მასების
შერკინება. გალიიდან ხვნეშა ესმოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, მებრძოლებს მოწინააღმდეგის
დამარცხება უჭირდათ თუ საკუთარი სხეულის დაძრა. ელენის და ბლეიქის ხანგრძლივი,
მოსაწყენი საუბარი ნერვებს უშლიდა, თავს მივიწყებულად და ზედმეტად გრძნობდა.
— თითოეული მებრძოლი ორმოცდაათ ლარს იხდის იმისთვის, რომ სიაში ჩავწერო. დღეში 8
მებრძოლი შედის გალიაში და იბრძვის რვა მათგანის მიერ დადებული თანხისთვის, რომელსაც
რა თქმა უნდა, თანაბრად გაიყოფს ჩემთან...
— ანუ 200 ლარი ერგებათ... ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღება?
— ყველას, თვრამეტიდან სამოც წლამდე. როგორც უკვე ვთქვი, მას შემდეგ, რაც ფულს
გადაიხდიან, სიაში ვწერ და ვეუბნები როდის მოვა მათი ბრძოლის ჯერი. თუ დანიშნულ დროს
არ მოვლენ, მათ ნაცვლად მოხალისე იბრძოლებს...
— დღეში 8 ადამიანი იბრძვის, არა?
— ჰო. პირველად ნომერი ერთისა და ნომერი ორის ორთაბრძოლა იწყება, შემდეგ მოჰყვება
მესამე მეოთხის წინააღმდეგ, მეხუთე მეექვსეს წინააღმდეგ და მეშვიდე მერვეს წინააღმდეგ. ამის
შემდეგ, პირველ და მეორე ნომერს შორის გამარჯვებული უპირისპირდება მესამე და მეოთხე
ნომერს შორის გამარჯვებულს, მეხუთე და მეექვსე ნომერს შორის გამარჯვებული კი — მეშვიდე
და მერვე ნომერს შორის გამარჯვებულს. ამ ორი ორთაბრძოლის გამარჯვებულები
ერთმანეთთან გადამწყვეტ ორთაბრძოლას მართავენ. ამის შემდეგ დღის უძლიერესი (უკვე
დაუძლურებული და გვარიანად დაჟეჟილი) მებრძოლი ჯილდოს იღებს და კლუბს ტოვებს,
რათა მიღებული თანხა ექიმებს გაუზიაროს.
ლიზამ სახე ხელებში ჩარგო და უხმოდ ახითხითდა. ცოტა ხანში სული მოითქვა, თუმცა სახე
ჯერ კიდევ გაწითლებული ჰქონდა სიცილისგან.
— ხომ შეიძლება, ერთმანთი შემოაკვდეთ? — ელენმა მებრძოლს გადახედა, რომელიც ამ წამს
მოწინააღმდეგეს თავს იატაკზე ახლევინებდა. ჩია კაცი მათ შორიახლოს იდგა და ცდილობდა
მოჩხუბრები ისე დაეშოშმინებინა, რომ თავად რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეღო.
— ასე თუ გააგრძელებენ, გამორიცხული არაფერია, — უდარდელად განაცხადა ბლეიქმა, —
თუმცა შანსი მცირეა, რადგან ამის თავიდან ასაცილებლად გარკვეული ზომები მივიღე,
მაგალითად როგორიცაა იარაღის გამოყენების აკრძალვა... ასევე ამ ბატონს ევალება შეაჩეროს
ისინი, როდესაც მეტისმეტი მოუვათ, — ბლეიქმა ჩია კაცზე ანიშნა, — იმ შემთხვევაში, თუ ამის
გაკეთებას მარტო ვერ შეძლებს, შეუძლია ის გამოუსადეგარი მცველი მოიხმოს, კართან რომ
ნახეთ. — დარკმა სახე ხელებში ჩარგო.
— რა მოხდა?
— წყეული მიმტანი იგვიანებს... მეგონა მისი მოტოციკლი უფრო თავისუფლად იმოძრავებდა
ვიდრე ჩემი მანქანა... ჯობდა მე წავსულიყავი. ან იქნებ ახლა წავიდე? შესაძლოა მის მოსვლამდე
დავბრუნდე.
— არა მგონია... იქნებ დაურეკო და ჰკითხო, რატომ ანდომებს საუკუნეს პიცის მოტანას?
თუმცა არა მგონია ეს კარგი იდეა იყოს — საპასუხოდ შეჩერდება და უფრო მეტად
დაიგვიანებს... კარგი, უკეთესი იქნება, თუ უსიამოვნო ფაქტებზე არ ვისაუბრებთ, ეს მიმტანს
საერთოდ არ ააჩქარებს...
— აი ისიც, — ბლეიქმა ავისმომასწავებელი მზერა შეავლო კლუბის შემოსასვლელს, სადაც
გვარიანად დამფრთხალი, გაფითრებული ახალგაზრდა ქალი იდგა.
— საბრალო, რა შეშინებულია.
— საამისოდ მიზეზი აქვს, — კბილებში გამოსცრა ბლეიქმა.
ცოტა ხანში მიმტანი უკვე მეორე სართულზე იყო.
— რა ჯანდაბას აკეთებდი ამდენ ხანს? — დაისისინა ბლეიქმა.
— მაქსიმალურად ვჩქარობდი, გ–გეფიცებით ბატონო დარკ... — ენა დაება მიმტანს, — კლუბის
ახლოს პიცა არსადაა... შორს წასვლა და ძებნა მომიხდა.
ბლეიქმა ისე შეხედა მიმტანს, თითქოს აპირებდა მოკლე გზით გაეგზავნა პირველ სართულზე.
ელენს ეს არ გამოჰპარვია.
— რაც იყო, იყო. რაც მთავარია ახლა ყველაფერი რიგზეა, — ხელი ჩაიქნია გოგონამ და ნანატრ
ლუდს დაეწაფა. — მართალია ლოდინი სასიამოვნო არ არის, მაგრამ მის სიტყვებს თუ
გავითვალისწინებთ, არც ისე დიდხანს მოგვიწია ცდამ. მეტისმეტად მკაცრად ნუ მოექცევი.
ბლეიქმა ლიზას გადახედა, რომელიც სანახევროდ ჩამალულიყო სავარძელში და
სახელურებსჩაფრენილს უაზროდ გაეშტერებინა მზერა სივრცისთვის, თითქოს ბლეიქი
საერთოდ არ არსებობდა. როგორც ჩანს ასე ცდილობდა მისდამი აშკარა სიმპათიის დამალვას.
ბლეიქმა ჩაახველა, რომ მისი ყურადღება მიეპყრო, თუმცა ამაოდ.
„ოჰ, ლიზა ისევ უნიჭოდ ცდილობს განასახიეროს ადამიანი, რომელსაც ყურადღების ღირსად
არავინ მიაჩნია“ ელენმა თვალები გადაატრიალა.
— თავიდან მოგვწყდი! — დაიღრინა ბლეიქმა. დაასკვნა, რომ ლიზასთვის სულერთი იყო,
როგორ მოეპყრობოდნენ მიმტანს.
მიმტანი სწრაფად გაეცალა სამეულს.
ბრძოლა დასრულდა. რამდენიმე მაყურებელმა სახე ხელებში ჩარგო, როგორც ჩანს იმ
მებრძოლის გამარჯვებაზე ჩამოვიდნენ ფსონებს, რომელიც თამაშს გამოეთიშა.
მებრძოლებმა გალია დატოვეს. დამარცხებული გასასვლელისკენ გაეშურა, გამარჯვებული კი
მაყურებლებს შეერია და გალიას მიაცქერდა, რომელშიც უკვე შემდეგი წყვილი იკავებდა
ადგილს.
— ჰეი, ლიზა! შენი აზრით რომელი მოიგებს? — ელენს აშკარად გამოუკეთა განწყობა ლუდმა.
— მმმ... — ჩაფიქრდა ლიზა, ლუდი მოსვა და გაღიზიანებულმა გადახედა აჟრიამულებულ
მაყურებლებს, — არ ვიცი... არ მესმის რა სიამოვნება უნდა მიიღოს ადამიანმა ამ სანახაობით.
— ბრძოლას ღია ცის ქვეშ გადავიტან, — ბლეიქი წამოდგა.
— ხუმრობ, ხომ?
— ვხუმრობ? — ბლეიქმა ჩვეული დაბნეული გამომეტყველება მიიღო.
— აპირებ ეს ხალხი კლუბიდან გაყარო? — ჩაიცინა ლიზამ.
— ასე გამოდის.
— ჰმ... — ლიზა ჩაფიქრდა, თუ რამდენად უცნაური იყო ბლეიქი, — ისე, მათ გარეშე აქაურობა
ალბათ უფრო მოსაწყენი იქნება.
— თუ ასე ფიქრობ... — ბლეიქი ყოყმანით დაუბრუნდა სავარძელს. ლიზას სიტყვების
ცვლილების შემდეგ კიდევ უფრო დაბნეული გამომეტყველება გაუხდა, — არაფერი მესმის. რა
ხანია გალიაში შესულთ ვადევნებ თვალს და ღირსეული მებრძოლი ჯერ არ მინახავს. მათი
საბრძოლო ტექნიკა დაჭრილი დათვის ბორგვას ჰგავს. როდესაც კლუბს ვხსნიდი, იმედი
მქონდა, რომ რამდენიმე ახალ ილეთს ვისწავლიდი, მაგრამ მწარედ შევცდი. ნამდვილი
არარაობები არიან, მათი იმედი მხოლოდ კუნთებსა და მოცულობაშია. არ მესმის ხალხი რატომ
მოდის. გულშემატკივრობენ... ფსონებს დებენ... რაც მთავარია, არ მესმის რით დაიმსახურეს
თქვენი კეთილგანწყობა — ამ სანახაობას ბრძოლას ვერ ვუწოდებ, საცოდაობაა და მეტი არაფერი,
ჩემი კლუბი ცირკის არენად აქციეს.
ელენმა კათხას ძირი გამოუჩინა და საათს დახედა.
— რა დრო გასულა! უნდა წავიდე, სახლში მომხვდება დაგვიანების გამო. ისიც თუ შენიშნეს,
რომ ნასვამი ვარ...
— მეც წავალ, — ლიზა სავარძლიდან წამოხტა.
— რით მოხვედით?
— მე — ავტობუსით, — მიუგო ელენმა და გაიგონა, როგორ დაიჩურჩულა ლიზამ „მეც“ — რატომ
გვეკითხები?
— ესე იგი, შემიძლია სახლამდე მიგყვანოთ? — იკითხა აღტაცებულმა ბლეიქმა და იმედით
შეხედა ლიზას.
— მმმ...
— შენთვის ტაქსს გამოვიძახებ, — ელენს მიუბრუნდა ბლეიქი.
— ოჰ, გმადლობ.
— აბა, რას იტყვით? — ბლეიქი მუდარით მიაჩერდა ლიზას.
— მმ... კარგი, — დაეთანხმა ლიზა.
— რა გირჩევნიათ, სანამ წავალთ მცველს დავუბარო, ელენისთვის ტაქსი გამოიძახოს, თუ
დავიცადოთ, სანამ ის ტაქსში ჩაჯდება და შემდეგ წავიდეთ?
— ისიც შენს მანქანაში რომ ჩაჯდეს?
— ასე არაკომფორტული იქნება, რადგან ჩემს მანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია
მძღოლის ჩათვლით... შემიძლია დაბრუნების შემდეგ წავიყვანო. თუ ელენთან ერთად გინდათ
მგზავრობა, ბარმენის მანქანას ვითხოვებ.
— ჩემთვის სულერთია. მცველს სთხოვე ტაქსი გამოიძახოს და წავიდეთ. ასე სჯობს.
ბლეიქმა სწრაფად ჩაუყვა საფეხურებს, ლიზა და ელენი ზანტად მიჰყვნენ უკან.
— მისმინე, გასაგებია რომ ბლეიქი მოგწონს და მასთან განმარტოება გინდა, მაგრამ... —
ჩურჩულით წამოიწყო ელენმა.
— რ–რა?! — ამოიხავლა თავზარდაცემულმა ლიზამ.
— დარწმუნებული ხარ, რომ მისი ნდობა შეიძლება? იქნებ მანიაკია? — განაგრძო ელენმა,
თითქოს არც შეუწყვეტინებიათ. — ეს გარემო... მისი უცნაური საქციელი... მაშინებს.
— მე ის ხალხი უფრო მაშინებს, ვინც ყველაფერ განსხვავებულს უარყოფითად უყურებს, —
თვალები გადაატრიალა ლიზამ. — იქნებ მე ვარ მანიაკი, რა იცი?
— მეეჭვება ასე იყოს. ვფიქრობ შენ პასიური, უინიციატივო ადამიანების კატეგორიას
მიეკუთვნები. ჩემს ინტუიციას ვენდობი, ბლეიქი გაცილებით საეჭვოდ გამოიყურება.
— სიფრთხილე ცუდი არ არის, მაგრამ ეს პარანოიაში არ უნდა გადაგეზარდოს.
— პარანოია არაფერ შუაშია! უბრალოდ ვგრძნობ, რომ აქ რაღაც ისე ვერ არის. ადამიანებში
კარგად ვერკვევი, ეს სისხლში მაქვს, მამაჩემისგან გამომყვა.
— ოჰ! — დრამატულად ამოიოხრა ლიზამ და სახეზე ხელი აიფარა.
კლუბიდან გამოვიდნენ. ბლეიქმა მცველთან წამოიწყო საუბარი, ელენი და ლიზა შორიახლოს
დადგნენ და მდუმარედ მიაცქერდნენ შემოგარენს. ცა ზანტად მუქდებოდა. ამინდი
არაჩვეულებრივად მშვიდი იყო, ისეთივე, როგორიც კონკურსის დაწყებამდე. ამაზე ფიქრმა
ელენი გააცხარა — რაღა მაინცდამაინც კონკურსის დასრულებისას მოუნდა ქარს ამოვარდნა?!
— ტაქსი სულ მალე აქ იქნება, — ბლეიქმა მცველისთვის მითითებების მიცემა დაასრულა და
სტუმრებს მიუბრუნდა, — მომყევით, — ლიზას შეხედა და ავტოსადგომისკენ წაუძღვა.
— ჰეი, ბლეიქ, — გამოსძახა ელენმა, — როგორ ფიქრობ, რამდენად გონივრული საქციელია
ლუდის დალევის შემდეგ საჭესთან დაჯდომა?
— სულ რაღაც ხუთიოდე წვეთი დავლიე, ასე არასდროს გავრისკავ.
უხერხული სიჩუმე უსაშველოდ გაიწელა და ლიზას ცოტა არ იყოს მოენატრა ელენის
დაუსრულებელი შეკითხვები. როგორც იქნა, ავტოსადგომს მიაღწიეს. ბლეიქმა თეთრი „დოჯ
ვაიპერის“ კარი გამოაღო, შეიცადა, სანამ ლიზა სავარძელზე მოთავსდებოდა და საჭესთან
დაიკავა ადგილი.
— ღვედი შეიკარით.
ლიზამ ყოყმანით შეიკრა ღვედი. ბლეიქმა მისამართი ჰკითხა და მანქანა ნელა მოსწყვიტა
ადგილს. ლიზა მოიღუშა. როდესაც ბლეიქმა ღვედი ახსენა, იფიქრა, რომ სწრაფად ივლიდნენ.
ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული დარჩა — ასეთი მანქანით შეეძლოთ ქარივით ექროლათ
ცარიელ გზაზე.
— ასე დილამდე ვერ მივაღწევთ ჩემს სახლს.
— რადგან გეჩქარებათ, ოდნავ უფრო სწრაფად ვივლი.
— რატომ „ოდნავ?“— თვალები მოწკურა ლიზამ.
— ძალიან სწრაფად სიარული საშიშია. საფრთხეს უნდა მოერიდოთ.
ლიზამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
— ამბობდით, რომ განსაცდელის მორიდება შეუძლებელია, რადგან ის ყველგან არის... —
განაგრძო ბლეიქმა, — რამე გაწუხებთ? თუ ასეა, მითხარით და ამის შესახებ რამეს ვიღონებ.
არაფრის წინაშე დავიხევ უკან.
ლიზა გაჩუმდა და ფანჯარას მიაშტერდა. არც კი იცოდა, რა ეპასუხა ამ უცნაურ სიტყვებზე.
მანქანამ სვლა შეანელა და გაჩერდა. ბლეიქი ლიზასკენ გადაიხარა.
— რას აკეთებ?
— მინდა დავრწმუნდე, რომ ღვედი კარგადაა შეკრული.
— იმის თქმა გინდა, რომ ისეთ იდიოტს ვგავარ, რომელიც ღვედის შეკვრასაც კი ვერ ართმევს
თავს?!
ბლეიქმა პირი გააღო და ისევ დახურა. განსაცვიფრებელი იყო ლიზას მოულოდნელი თავსხმის
უნარი.
— მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ უსაფრთხოდ ხართ, ხომ შეიძლებოდა, შესაკრავი
ყოფილიყო გაფუჭებული ან დაუდევრად მოჰკიდებოდით საკუთარ უსაფრთხოებას... — ბოლო
ოთხი სიტყვის წარმოთქმისას ბლეიქმა ლიზას შეუბღვირა, თუმცა წყენამ მალევე გადაუარა და
თითები ნაზად შეუცურა თმაში. ლიზა გაქვავდა და სუნთქვა შეეკრა. — ხომ არ გატკინეთ? —
შეშფოთებით იკითხა ბლეიქმა, საჭეს დაუბრუნდა და ლიზას თმიდან გამოძრობილი ფოთოლი
ფანჯრიდან გადააგდო.
ლიზას უნდოდა ეთქვა, რომ თმა ოდნავადაც არ დაეწიწკნა, მაგრამ ჯერ კიდევ უჭირდა გონს
მოსვლა ბლეიქის უეცარი სიახლოვის შემდეგ.
— შენი ზრუნვა არ მჭირდება! — ჩაიღრინა პომიდორივით გაწითლებულმა რამდენჯერმე ღრმად
ჩასუნთქვის შემდეგ, როდესაც ასე თუ ისე დარწმუნდა, რომ ხმა არ უღალატებდა. იმედი ჰქონდა,
რომ ბლეიქმა ვერ იგრძნო, რამხელა ზეგავლენა ჰქონდა მასზე.
— არაფერიც! ზრუნვა და დაცვა გჭირდებათ, ისეთი ნაზი...
— საკმარისია! — აფეთქდა ლიზა. ისედაც უხერხულად გრძნობდა თავს და მეტის მოსმენა აღარ
სურდა.
— ნებისმიერ შემთხვევაში, ზრუნვა არასდროს უნდა მოგაკლდეთ.
— არ შეგიძლია ერთი წუთით მაინც გაჩუმდე?
— გავჩუმდები, — სანამ მანქანას დაძრავდა, ბლეიქმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო
და შეტყობინება გააგზავნა. მალე კვლავ შეჩერდა, რათა პასუხისთვის დაეხედა და გზა განაგრძო.
ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ბლეიქი გზას გაჰყურებდა, ლიზა კი მისი უნაკლო პროფილის
ცქერით იქცევდა თავს. წარმოუდგენლად უნდოდა, თითები მის მხრებზე ელეგანტურა
დაფენილ, მბზინავ, აბრეშუმისებურ თმაში ჩაეფლო და მისი სურნელი ჩაესუნთქა.ფანჯრებიდან
შემოსული სუსტი სინათლე ბლეიქის არანორმალურად ფერმკრთალ კანს მარგალიტის იერს
აძლევდა. უნიკალური, მომწვანო–მოყვითალო ფერისთვალები თითქოს ფოსფორის მსგავს
მკრთალ შუქს გამოსცემდნენ. ამ წამს არაფერი ეჩვენებოდა ისეთი მიმზიდველი, როგორც მისი
ტუჩების სილუეტი.
ლიზა მიხვდა, რომ ზედმეტად დიდხანს აშტერდებოდა და გამოსაფხიზლებლად თავი გააქნია.
„არ უნდა დამელია. იდიოტივით ვიქცევი. იმედია არაფერს მიმვდარა. მინდა ფიქრობდეს, რომ
ისეთივე არასასურველია ჩემთვის, როგორც მე — მისთვის.“
— მოვედით, — ბლეიქმა მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და კარი გაუღო.
ლიზა მანქანიდან გადმოძვრა.
— იმედია ნებას დამრთავთ, რომ კარამდე მიგაცილოთ.
— ნუ შეწუხდები.
— შევწუხდები? — ბლეიქს სახეზე უკიდურესი გაკვირვება გამოესახა.
— კარგად. — დაემშვიდობა ლიზა.
— ისეთი რამ მაინც თუ გაქვთ, რითაც გზის განათებას შეძლებთ?
— არც ისე ბნელა, რამეს მოვახერხებ.
— გთხოვთ...
— კარგი, მიმაცილე კარამდე, — უხალისოდ დაეთანხმა ლიზა.
Автор
sanguinarian
Документ
Категория
Без категории
Просмотров
5
Размер файла
46 Кб
Теги
თავი
1/--страниц
Пожаловаться на содержимое документа